logo
ENG



საარჩევნოდ ტერიტორიული ჯგუფების ჩამოყალიბებაში სანქცირებული "ხარებაც" მიიღებს მონაწილეობას

05 ოქტ 202412:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/05/1lb8o697gajbj5f.jpg

აშშ-ის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება არჩევნებისთვის ტერიტორიულ ჯგუფების ჩამოყალიბებაში მიიღებს მონაწილეობას.

შს მინისტრის 30 სექტემბრის ბრძანების თანახმად, რომელიც 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა, აღნიშნული ჯგუფები არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შეიქმნება. ჯგუფები პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე იქნებიან პასუხისმგებელნი. 

დოკუმენტში განმარტებულია, ვინ შედის ტერიტორიული ჯგუფების შემადგენლობაში. სწორედ აქ ვკითხულობთ, რომ ჯგუფის შემადგენლობაში იქნება სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი. გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი კი, თავის მოადგილესთან ერთად, რომელიც აშშ-ის მიერ არის სანქცირებული.

ტერიტორიული ჯგუფის შემადგენლობაში შედიან:

ა) სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დირექტორი;
ბ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი;
გ) სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი;
დ) სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი;
ე) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი.

16 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია დაასანქცირა. აშშ-მა მათ სანქციები დაუწესა საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის.

ოთხივე მათგანი ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს. ე.წ. მაგნიტსკის სიაში ხვდებიან ადამიანები, რომლებიც, შეერთებული შტატების ხელისუფლების კვლევებით, მონაწილენი არიან ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებსა და კორუფციაში. სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ხარაზიშვილი და ლაგაზაური "მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან არიან კავშირში".


close დახურვა